საზოგადოება

ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ზურაბ კიკნაძე 1933 წლის 3 ოქტომბერს დაიბადა. 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით. 1956-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში.

1977 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ-ს დიდი საბჭოს წევრი. 2002 წლიდან მოღვაწეობდა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.

ზურაბ კიკნაძე არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.

ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, ხოლო ავტორთა ჯგუფთან ერთად, პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“ – სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.) ზურაბ კიკნაძის პირველი თარგმანი – „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 წელს გამოაქვეყნდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button