Slider

„ვინ იქნება “ქართული ოცნების” ნამდვილი ლიდერი?“

ვინ იქნება “ქართული ოცნების” ნამდვილი ლიდერი? – პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმიანება და „ქართულ ოცნების“ მომავალი ლიდერის შესახებ საკუთარ პროგნოზს აქვეყნებს:

„უზომოდ თვითკმაყოფილი, ქვეყნის დღევანდელი ყოფით აღფრთოვანებული ივანიშვილი გაექცა პასუხისმგებლობას და ფორმალური მემკვიდრის საკითხიც არეულ-დარეული დატოვა.
ვინ იქნება “ქართული ოცნების” ნამდვილი ლიდერი? (ცხადია, ჩრდილში ყოველთვის ივანიშვილი შეითავსებს ამ ფუნქციას.)
ჯერჯერობით სამი ფიგურა მოსჩანს ჩვენს პოლიტიკურ ველზე. სამივეს არასრულყოფილებაზე თავად იზრუნა თვითკმაყოფილმა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მსურველმა კაცმა.
1. ირაკლი კობახიძე – არ მინდა ამ სუბიექტზე ბევრი ლაპარაკი. ხანდახან ზედმეტი მომდის და ნამდვილად არ არის ღირსეული საქციელი უმძიმესი პრობლემების მქონე ადამიანზე თავდასხმა. მას ნულოვანი რესურსი აქვს, რომ საერთო-სახალხო ლიდერად იქცეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის ვიცე-პრეზიდენტს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ერთი ადამიანის დავალებები შეასრულოს უსიტყვოდ და შესრულების დროს ყურადღება არ მიაქციოს ხალხის რეაქციას, მისი უტიფრობისადმი გამოვლენილ წინააღმდეგობას. კობახიძეს ლიდერისთვის საჭირო ემოციური ინტელექტი, ჯანმრთელობა ნამდვილად არ აქვს. ის მოურავია და მეტს ვერასდროს მიაღწევს.
2. გიორგი გახარიამ მოახერხა და პანდემიის დროს შეინარჩუნა წონასწორობა, სიმშვიდე. შეიძლება ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ პრემიერის დამსახურებით პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. მას ნამდვილად შესწევს ძალა, რომ “ქართულ ოცნებაში” ივანიშვილის შემდეგ ყველაზე გავლენიან პირად იქცეს, მაგრამ პრემიერს ბორკილები დაადო მილიარდერმა. მინისტრთა შორის არც ერთი არ არის გახარიას კადრი, მის მიერ შერჩეული პირი, მისი მოკავშირე. პარლამენტში მას დასაყრდენი არ აქვს, შრომის კოდექსის დაფხრეწვის სურვილით ატანილ რამდენიმე იდიოტ ექს-ომბუტსმენს თუ არ ჩავთვლით. გახარია ქვიშაზე დგას, თიხის ფეხებით …
3. ძალაუფლებრივი თვალსაზრისით ყველაზე უკეთ კახა კალაძე გამოიყურება. ის აკონტროლებს მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე დედაქალაქს, დედაქალაქის ბიუროკრატიას, ჰყავს წარმომადგენლები პარლამენტსა და პარტიულ აპარატში, კობახიძისგან განსხვავებით აქვს ადამიანების მოხიბვლის უნარი, ხანდახან სააკაშვილივით დამოკიდებულია “კარწინკასა” და “პიარზე”, არის მულტიმილიონერი, მისი პარტნიორებით არის სავსე ბიზნეს-სექტორი, აქვს ბიოგრაფია … მაგრამ მას არ აქვს მთავარი, რაც “ქართულ ოცნებაში” დასაწინაურებლად. არის აუცილებელი. ის არ მოსწონს, მას ბოლომდე არ ენდობა ბიძინა ივანიშვილი.
მოკლედ, ბ-ნმა ივანიშვილმა მემკვიდრედ სამი “კოჭლი იხვი” დატოვა ანუ ის აქ არის, ამბობს ქარი, მღერის ქნარი, იიიის აქ ააარის …
***
შემზარავია, რომ ბ-ნმა ბიძინამ პირდაპირ გვითხრა, თქვენ შეძლებისდაგვარად კარგად ცხოვრობთ, ამაზე უკეთესი ცხოვრება თქვენთვის წარმოუდგენელია და ამ უბადრუკი ყოველდღიურობისთვისაც მადლიერი უნდა იყოთო.
მისი დღევანდელი წერილის ყველაზე დიდი ტყუილი კი ასე ჟღერს: “თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება.”
ოლიგარქმა თავად შეინარჩუნა და გააძლიერა წესრიგი, სადაც კეთილსინდისიერებისა და ინტელექტის ფასი არის ნული; სადაც ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ფულით ან ძალადობით არის შესაძლებელი! (ყველაფერი საერთაშორისო მხარდაჭერის მარილით უნდა იყოს შეზავებული.)“ – წერს ლევან ლორთქიანიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close