Sliderსაზოგადოება

„ვარდების რევოლუცია“ – მიშა, ვლადიმერი, იგორი, თემური – საიდუმლო შეხვედრები, გარიგებები, ფაქტები და კომენტარები

რუსული საცეცები იუბილარი რევოლუციის ფესვებში

„მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა „ერი სხვა ერთა შორის“, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა“, – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოაგზავნა ე.წ. ვარდების რევოლუციის „ტროიკის“ მთავარმა „სკრიპაჩმა“, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა.

„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ “ვარდების რევოლუციის”  გმირი რომ გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები“ – ეს „ვარდების რევოლუციის მამის“ დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

2003 წელს სცენარი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც დღეს, 2021 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ, ჩვენს თვალწინ ვითარდება. 2003-ში „სააკაშვილი და მეგობრები“ ქუჩაში გამოვიდნენ და არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. „რეფორმების“ მამა და დანარჩენი „რეფორმეტორები“ აცხადებდნენ, რომ სიებში მმართველმა პარტიამ მკვდარი სულები შეიყვანა და რომ ეს არჩევნები, როგორც „რუსთავი ორის“ ჟურნალისტები აცხადებდნენ იყო „საქართველოს ისტორიაში ყველაზე გაყალბებული არჩევნები“.

ბევრმა იცის თუ არა არ ვიცი, მაგრამ ცოტას, მით უფრო, ჟურნალისტებს, ვინც სააკაშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ვიგრძენით „რა ხვითოც იყო ვარსკვლავთბიჭუნა“, გვახსოვს, რომ საარჩევნო სიები ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ კომპიუტერულ ცენტრში „ჩააგვირისტეს“.

ხელისუფლებამ, აქაოდა სალაპარაკო მიზეზი მოვუსპოთ „მეამბოხეებსო“, „აქილევსის ქუსლის“ – საარჩევნო სიების გადამოწმება-შედგენა-დაბეჭდვა, ოფიციოზის პარალელურად, ეროსი კიწმარიშვილის კანტორას მიანდო.

უფრო კონკრეტულად: სიები გადაეცა ტელეკომპანიის „რუსთავი ორი“ კომპიუტერულ ცენტრს, სადაც სხვებთან ერთად მომავალი რევოლუციის „ბარტყებმა“ იმუშავეს. მოხდა მონაცემების შედარება. სიებიდან, არსებობის შემთხვევაში, მკვდარი სულების ამოღება და როცა სიამ საბოლოო სახე მიიღო, სამუშაოს დასრულების შემდეგ „პრეზენტაციაც“ გაიმართა.

„ტაშ-ფანდურის“ ფონზე, ტელეკომპანიის „რუსთავი ორი“ ეთერში გადის სიუჟეტი, რომლითაც მთავრობამ და მხედრობამ გაიგო, რომ თურმე საარჩევნო სიებში 1800-იან წლებში დაბადებულები აღმოაჩინეს.

ამ სიუჟეტით „გამწარებულმა“ შს მინისტრმა კახა თარგამაძემ, სამინისტროში თავი მოუყარა ყველას, ვისაც შეხება ჰქონდა-არ ჰქონდა სიებთან  და როცა „რუსთავი ორის“ ჟურნალისტმა კითხვა დასვა გასული საუკინის „ამომრჩევლის“ შესახებ, „იფეთქა“ – სიები თქვენთან შედგა და დაიბეჭდა, ჰკითხეთ თქვენს პატრონებს მეცხრამეტე საუკუნეში გარდაცვლილები ვინ ჩასვაო.

მოკლედ, 23 ნოემბერს „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ“ „ვარდების რევოლუცია“ სააკაშვილ-ბურჯანაძე-ჟვანიასთან ერთად იზეიმა. მოგვიანებით, ეროსი კიწმარიშვილი, ამ რევოლუციის „მოზგი“, მემუარებში დაწერს:

“დღეს უაპელაციო საზოგადოებრივი აზრია, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით დაიგეგმა და ეს რევოლუცია კავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ განახორციელეს ამერიკელებმა… რევოლუციის „მთავარი გმირი“ სააკაშვილი, 2003 წლის 24 ნოემბერს, რევოლუციიდან მეორე დღეს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოსვლისას აცხადებს, რომ მადლობელია იგორ ივანოვის (იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და, ზოგადად, რუსეთის, ოპოზიციასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო მიტინგზე მისვლით, პრაქტიკულად, მხარი დაუჭირა შევარდნაძის მოწინააღმდეგეებს, იყო ოპოზიციის უსაფრთხოების გარანტი, მხარეების მოლაპარაკების დროს. სააკაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოში მომხდარ რევოლუციაში რუსეთმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ვიდრე – აშშ-მ”.

გარდაცვლილებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან – არაფერს, ამიტომ ამ ციტატას უკომენტაროდ დავტოვებთ.

2003 წელს, როცა საქართველოში ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რუსეთი ისეთივე ოკუპანტი იყო, როგორიც დღესაა. რუსეთის პრეზიდენტი, როგორც დღეს, იმჟამადაც ვლადიმერ პუტინი იყო. იგორ ივანოვი, „ვარდების რევოლუციის“ „დამლაგებელი“ ამ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. პრეზიდენტის გარეშე მინისტრი რომ ვერ „გატოკდებოდა“ ეს ყველამ ვიცით და ნუ ვიდავებთ.

2003 წლის ნოემბერში, „რაღაც სასწაულებრივად“ თბილისში საგანგებო ვიზიტით იმყოფებოდა იგორ ივანოვი. საქართველოში ამ დროს სხვა დიპლომატებიც იმყოფებოდნენ, მაგალითად, ელჩები, მაგრამ არც ერთი, იგორ ივანოვის გარდა, „რეფორმატორების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, არ მისულა. აი, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მივიდა.

2003 წელს, 23 ნოემბერს სააკაშვილის ერთი მეგობარი ჟურნალისტი, ასევე სააკაშვილის მეგობარ გამოცემაში წერდა: „გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ივანოვმა პარლამენტის შენობასთან შეკრებილ საქართველოს მოსახლეობას განუცხადა, რომ ქართველ ხალხს სასწავლებელი არაფერი სჭრის, თვითონ შეუძლიათ ასწავლონ სხვებს. თავისი ხანმოკლე გამოსვლის დასასრულს ივანოვმა განუცხადა შეკრებილ ხალხს – “საქართველოს რუსეთის მეგობრულ ურთიერთობებს გაუმარჯოს!”. ბოლო სიტყვა რუსმა მინისტრმა ქართულად წარმოთქვა, რასაც აქციის მონაწილეებმა ოვაციებით უპასუხეს“.

მოგვიანებით, საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში ეს ჟურნალისტი და გამოცემაც (და სააკაშვილის სხვა მეგობარი ჟურნალისტები, გამოცემები, ტელევიზიები…), ჯერ აფხაზეთში, შემდეგ 2008 წლის ომში ნამყოფ, სააკაშვილისათვის მიუღებელ ჟურნალისტებს „რუსეთის მეხოტბეებს“, „რუსეთის აგენტებს“, „რუსეთუმეებს“ დაუძახებს, მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით,

სააკაშვილის ინაუგურაცია

2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, 2003 წელს კი ეს ჟურნალისტი (და კიდევ ბევრი სხვა) სააკაშვილს თბილისიდან ბათუმში გაჰყვება და დაწერს: „იგორ ივა­ნოვ­მა ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­და­მი­სი ელე­ნე (ელი­კო) სა­ღი­რაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლია. ექვს წლამ­დე ივა­ნო­ვი დე­დის მშობ­ლებ­თან
სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბო­და. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბავ­შვო­ბამ ახ­მე­ტა­ში
გან­ვლო. ერთ-ერთ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­ში უკვე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე, მან გა­ნა­ცხა­და: “მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი ვარ”.

აი, ასე უყვარდათ საქართველოში ვლადიმერ პუტინის გამოგზავნილი იგორ ივანოვი, რომელიც საქართველოზე იმდენად შეყვარებული იყო გულმა არ მოუთმინა და ბათუმშიც ჩავიდა „დასალაგებლად“.

2003 წელი, 23 ნოემბერი, ბათუმის აეროპორტი: “მე შევპირდი აჭარის პრეზიდენტს, რომ ჩამოვიდოდი, და პრეზიდენტ პუტინის დავალებით განვაგრძობ დიალოგს, რომელიც მოსკოვში დაიწყო. ჩვენთვის სულერთი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, მთავარია, რომ მოვლენები სამართლებრივ ველში დარჩეს და მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის და საქართველოს ხალხის ინტერესებშია” – ვინმეს ეჭვი ეპარება ივანოვის გულწრფელობაში?

იგორ ივანოვს არც „ვარდების რევოლუციის“ აჭარული გაგრძელებისას მოუთმინა გულმა და უკვე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის რანგში ეწვია საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი ამ დროს უკვე პრეზიდენტი იყო და რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ამჯერადაც ოკუპანტის იმედი ჰქონდა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საქართველოს  და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრების შემდეგ გახდა ცნობილი. იგორ ივანოვი საქართველოში გასული წლის ნოემბრიც იმყოფებოდა. მაშინ ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ივანოვმა ექს-პრეზიდენტ შევარდნაძესა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის (მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანიას)  შუამავლობა იკისრა, რაც შევარდნძის გადადგომით დასრულდა“ – 2004 წლის მაისში დაწერს სააკაშვილის მეგობარი გამოცემა.

ივანოვი და სააკაშვილი

სხვათა შორის, 2003 წლის ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგორ ივანოვს,  სააკაშვილის მეგობარი ჟურნალისტები საქართველოს მომავალზე უსვამდნენ კითხვებს: „იგორ ივანოვი ჯერ-ჯერობით კომენტარს ვერ აკეთებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში და აცხადებს, რომ ძნელია მოვლენების ოპტიმისტურად განვითარების შესახებ საუბარი“.

საინტერესო და „უმნიშვნელო“ დეტალია არა? მითუმეტეს, როცა ეს ჟურნალისტები, მოგვიანებით, „ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია“ ჟურნალისტებს „რუსეთუმეებს“ და „საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებლებს“ უწოდებს!

და როგორც იქნა: 2004 წლის 6 მაისი, ღამის 3 საათი – „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“

ასეთი დამაშვრალი და საქართველოსთვის მუხლჩაუყრელი იგორ ივანოვი 2005 წლის 24 თებერვალს „პლასტინკას“ გადაატრიალებს: „იგორ ივანოვი აცხადებს, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ საქართველოში და უკრაინაში განხორციელებული ცვლილებები დსთ-ის სხვა ქვეყნებზეც იმოქმედებს. “ეს არ არის ტენდენცია“, – აღნიშნა ივანოვმა. „მიგაჩნიათ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ქუჩის აქციების გზით დემოკრატიაა? მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლების ამგვარი შეცვლა შეესაბამება ევროპის საბჭოსა და ეუთოს სხვადასხვა დოკუმენტებში მოცემულ ღირებულებებს და პრინციპებს?“.

მოდი და ნუ გაოცდები, ივანოვმა თავისი ღვაწლი უცებ ჩარეცხა –  „აზრზე მოსულმა“ ნახევრად ქართველმა ბრძანა: “დემოკრატია ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობას, სადაც ხალხს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება“. მან აქვე დასძინა, რომ “დსთ-ში არავის სურს რევოლუციური მოვლენები, ყველას სტაბილურობის შენარჩუნება უნდა“.

ე.ი. იგორ ივანოვმა მშობლიურ საქართველოში, ქართველმა დედის მხრიდან, რომელსაც დედის წილი სამშობლო ძალიან უყვარს, საქართველოში „გავლით“ მყოფი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, ქართული ფესვების დემოკრატიას კი არა, რუსულ-ქართულ დიქტატურას, ან ფაშიზმს, ან ნაციზმს, ან კიდევ სხვა რამეს ჩაუყარა საფუძველი, ასე გამოვიდა, ხომ? კი, ასე გამოვიდა. ეს არის ის, რაც „გაიმეტა“ საქართველოსთვის და ვერ გაიმეტა დანარჩენი დსთ-სთვის –  „ხემ თქვა ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“…

მაგრამ ამ განცხადებას წინ უსწრებდა 2004 წელი – სააკაშვილმა პრეზიდენტის რანგში ქვეყნიდან პირველი გასვლა რუსეთის მიმართულებით განახორციელა და ეს „მშვენიერი“ დასაწყისი იყო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა 2004 წლის თებერვალში შედგა. მეორე შეხვედრა არაფორმალურ ხასიათს ატარებდა, რომელიც 2005 წლის აგვისტოში ყაზანში დსთ-ს სამიტის პარალელურად გაიმართა. 2005 წელს სააკაშვილმა პუტინი საქართველოში მოიწვია, თუმცა მისი მოწვევა უპასუხოდ დარჩა. მესამე შეხვედრა კი 2006 წელს შედგა დსთ-ს სამიტის ფარგლებში შედგა.

2004 წელს სააკაშვილმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა:
„ძალიან რთული შეხვედრა იყო – ოთხი საათი გაგრძლდა. თავიდან ვიფიქრე, რომ არაფერი გამოვიდოდა – ვერ ვიპოვიდი მასთან საერთო ენას. თუმცა, ვაიძულე საკუთარი თავი, გადაწყობილიყავი და უმალ მივხვდი, რაშიც იყო საქმე! მე მივხვდი, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერს არ ასრულებდა! როგორც კი პუტინს შეფასებებში დავეთანხმე, ურთიერთობა მაშინვე დათბა. და მე დავინახე, რომ პუტინი სიტუაციას ხედავს გაცილებით ფართოდ, ვიდრე მისი გარემოცვა. და მე ვენდე.

ჟურნალისტი: აი ისიც – პუტინის მომხიბვლელობა, მსახიობის ოსტატობა!

სააკაშვილი: არა. მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი – პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა… ამიტომ, ახლა რუსეთში თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვაგან. პუტინი, თავისი აზროვნების სტილით, გაცილებით თანამედროვე და პრაგმატულია, ვიდრე დასავლელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა. მას კარგად ესმის, რომ საქართველოსთან მიმართებაში საქმის ძველებურად წარმართვა აღარ შეიძლება, ანუ საკითხის ასე დასმა – აირჩიეთ ან რუსეთი და ან დასავლეთი – საერთოდ არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმის შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყანა გიპასუხებთ რას?..

ჟურნალისტი: რა თქმა უნდა – დასავლეთი. ვგულისხმობ – ამერიკას.

სააკაშვილი: სამწუხაროდ, ასეა. მაგრამ, ვიმეორებ, მე მჯერა პუტინის. მან აღმითქვა, რომ მალე გაამარტივებს სავიზო რეჟიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ნორმალურად განვითარდება“.

სამწუხაროდ, ევროპა და ამერიკა ურჩევნია ხალხს და არა რუსეთი – საქართველოს პრეზიდენტი ამბობს ამას 2004 წელს, სოხუმის დაცემიდან 11 წლის შემდეგ!

2014 წლის აგვისტოში პუტინ-სააკაშვილის 2004 წლის შეხვედრის შესახებ მანამდე უცნობ დეტალებზე, ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილთან ინტერვიუში, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე ისაუბრებს:

კონსტანტინე ფორჩხიძე

„2004 წლის 10 თებერვალს, სააკაშვილი მოსკოვში, დემოდოდოვოს აეროპორტში ჩაფრინდა და პირველი შეხვედრა “გიმო”-ში, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში,  რომელიც რუსული სპეცსამსახურის, კერძოდ, დაზვერვის თანამშრომლების მომზადების ძირითადი ბაზაა, გამართა. ორსაათიანი ლექცია წაიკითხა, რის შემდეგაც, ე.წ. ჩინურ ქალაქში, ილინკას ქუჩაზე

გაემგზავრა და პრიმაკოვს შეხვდა. სხვათა შორის, იმხანად პრიმაკოვი ამ დროს “ეს-ვე-ერ”-ს (რუსეთის საგარეო დაზვერვა) ხელმძღვანელობდა. სააკაშვილისა და პრიმაკოვის საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. “რაო-ეესის” ცენტრალურ ოფისში კი, სააკაშვილი ჩუბაისს შეხვდა, რომელსაც, ასევე, საათნახევარს ესაუბრა. “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში საათიანი გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილი ვლადიმერ ევტუშენკოვთან გაემგზავრა. ევტუშენკოვი აქციონერთა ფინანსური კორპორაცია “სისტემის” დამფუძნებელია, “სისტემის” პირველი ვიცე-პრეზიდენტი კი, ლევან ვასაძე იყო. ევტუშენკოვისა და სააკაშვილის შეხვედრას ვასაძეც ესწრებოდა. ამის შემდეგ, სააკაშვილი ზურაბ წერეთელსაც ესტუმრა და ამ, ასე ვთქვათ, წვეულებაზე სლავა ზაიცევი, ბელა ახმადულინა, ვინმე შახნაზაროვი, ნატალია დუროვა, ჟორეს ალფიონოვი, ცნობილი, ოდიოზური დიმიტრი როგოზინი, ასევე, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და რუსეთის ე.წ. კრიმინალური სამყაროს ქართველი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

პრიმაკოვსა და ჩუბაისთან შეხვედრებზე პროტოკოლში არაფერია ნათქვამი. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო ლექციის წაკითხვა “გიმო”-ში და “ეხო მოსკვის” ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი. სხვათა შორის, პროტოკოლში არც ზურაბ წერეთელთან სტუმრობაა მითითებული. სუფრაზე, რომელიც წერეთლის ოფისში გაიშალა, სააკაშვილი და როგოზინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ ისხდნენ. სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, რაც როგოზინმა მიშას უთხრა: “ჩვენს შორის უთანხმოება დასრულდა და ამის შემდეგ ძალიან კარგი, თბილი ურთიერთობა გვექნება!” როგოზინის ამ განცხადებაზე სააკაშვილს ცუდი რეაქცია არ ჰქონია. ცოტა ხანში, ის მოულოდნელად წამოხტა, სუფრა მიატოვა და “იტარ-ტასის” პრეს-კლუბში გაიქცა. სააკაშვილის მოულოდნელი წამოხტომით, სტუმრებმა უკმაყოფილება გამოხატეს.

ეს სამდღიანი ვიზიტი იყო – მოსკოვში 10-ში ჩაფრინდა და 12-ში უკან გამოფრინდა. 11 თებერვალს, “გრანდ მარიოტში” რუს ბიზნესმენებს შეხვდა. ამ საათნახევრიან შეხვედრას გენერალოვიც ესწრებოდა. ეს ის გენერალოვია, რომელმაც მოგვიანებით, საქართველოში “კვარციტი” და სხვა ეკონომიკური თუ ენერგოობიექტები შეიძინა, ანუ საქართველოში რუსული ფულის შემოსვლას საფუძველი სწორედ ამ შეხვედრებზე ჩაეყარა. სხვათა შორის, ყველა ამ შეხვედრას თემურ ალასანიაც ესწრებოდა და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მაგალითად, გენერალოვი სწორედ

პუტინი, სააკაშვილი და ბიძამისი თემურ ალასანია

სააკაშვილის ბიძის ძველი ნაცნობია. სააკაშვილი საქართველოში – ჭიათურასა და ზესტაფონში ინვესტიციების განხორციელებაზე რუსეთის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს, ტიტოვსაც ელაპარაკა. რუსული ფული სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ნავთობისა და გაზის სექტორშიც უნდა ჩადებულიყო. სააკაშვილი რუსებს დაჰპირდა, რომ ისეთ საკანონმდებლო ბაზას შექმნიდა, რომელიც რუსულ ინვესტიციებს, საგადასახადო კუთხით, პრობლემებს არ შეუქმნიდა და თავისუფალი ოპერირების უფლება ექნებოდა. სხვათა შორის, გენერალოვი სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციასაც დაესწრო…

ამ ვიზიტის დროსვე, სააკაშვილი მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც წარმოშობით ქართველი მამა მაქსიმე მოღვაწეობს, აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, დევნილებმა ყოფილ პრეზიდენტს “მუტანტი” შეარქვეს. თავის დროზე ეს ტერმინი სალომე ზურაბიშვილმაც გამოიყენა“.

2004 წელს, ისევე როგორც 2003-ში და უფრო ადრე 1992 წელს და კიდევ უფრო ადრე, 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტო), როცა „სამეგობრო შეთანხმება“ (გეორგიევსკის ტრაქტატი) გაფორმდა რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთს შორის, ოკუპანტი იყო. 2003 წელს, როცა ივანოვი საქართველოში ორგზის ჩამოვიდა და 2004 წელს, როცა სააკაშვილი პუტინის „პატიოსანი კაცის თვალებზე“ ღაღადებდა რუსეთს საქართველოს ძირძველი ტერიტორია აფხაზეთი და სამაჩაბლოს ნაწილი მიტაცებული ჰქონდა.

2006 წელს პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრას წინ უსწრებდა პუტინის განცხადება, მოსკოვის მიერ უნივერსალურობის პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ. პრეზიდენტმა პუტინმა 2 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის გეგმებში არასოდეს შედიოდა მის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიების მიერთება, თუმცა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შეიმუშავონ უნივერსალური მიდგომა კონფლიქტევის მოგვარების საკითხების მიმართ. პუტინის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რთული იქნება იმის ახსნა, თუ რატომ არ შეუძლიათ მათ გამოეყონ საქართველოს, ხოლო ალბანელებს სერბებისაგან გამოყოფა შეუძლიათ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 ივნისს განაცხადა, რომ მას “პრინციპული საუბარი“ ექნება პუტინთან, თან იქვე დასძინა, რომ იგი “კვლავ გაუწვდის მეგობრობის ხელს“ რუსეთს, რათა ორ მეზობელს შორის ურთიერთობაში არსებული “მწვავე საკითხები“ მოგვარდეს:

“ჩვენი ხელისუფლების დასაწყისში ჩვენ ვთქვით, რომ ვუწვდით რუსეთს მეგობრობის ხელს და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ გავუწოდოთ მეგობრობის ხელი ჩვენს მეზობელს, ჩვენს ტრადიციულ პარტნიორს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დრო არის ცოტა, საკითხები დაგროვდა და საკითხები არის ძალიან მწვავე. და რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული, შეუვალი პოზიცია, რომლიდანაც ერთი ფეხის ნაბიჯითაც ჩვენ ვერ მოვიცვლით იმიტომ, რომ ეს ეხება საქართველოს მომავალს და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას“ – განაცხადა სააკაშვილმა.

რაში გამოიხატა სააკაშვილის პრინციპულობა?

2006 წელს, სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს სამიტის ფარგლებში სააკაშვილი-პუტინის შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი: როცა პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ, პუტინმა გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ სოჭში იმყოფებოდა და „იქედან აფხაზეთი იმდენად ახლოა, რომ ფეხით გადასვლაც კი შეიძლება“. სააკაშვილმა პუტინს ასე უპასუხა: „აი, ახლახან, ვლადიმირ ვლადიმირის ძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როცა აღნიშნა, რომ სოჭიდან აფხაზეთამდე ერთი ფეხის ნაბიჯია, ხოლო აფხაზეთი საქართველოა, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარებოდა. ეს ერთი და მეორე: რუსეთი უდიდესი ქვეყანაა, დღესაც ვაკვირდებოდი თვითმფრინავიდან, ეს კარგად ჩანს – ბევრად დიდი, ვიდრე საქართველოა. საქართველო პატარა, ლამაზი ქვეყანაა და უმჯობესია, მას თავი გაანებონ – ჩვენ უკვე არავისთვის არაფერი აღარ გვაქვს დასათმობი. ვერც ერთ მეტრს ვერც აფხაზეთისა და ვერც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ვერავინ ვერასდროს მიიღებს და ეს ყველამ უნდა შეიგნოს“.

ეს იყო სულ და ეს არ იყო ცოტა, მითუმეტეს, 2003 წელს ივანოვის ღვაწლის შესახებ სააკაშვილისთვის არავის შეუხსენებია!

შემდეგ იყო 2008 წელი და დაკარგული „ქვების გროვები“ – აი, რას ზეიმობენ დღეს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, „რევოლუციის მამა“ და „მამის“ დედა, რომელსაც “ვარდების რევოლუციის”  გმირი რომ გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები“ დისკომფორტს უქმნის.

დიახ, ასეთ საქართველოზე „ოცნებობდა“ ილია ჭავჭავაძე!

დიახ, ასე „გაბრწყინდა“ საქართველო!

პ.ს.: სტატია „ვარდების რევოლუციის“ მხოლოდ ერთ ნაწილს ეძღვნება. ვფიქრობთ, „ნაციონალური“ მოძრაობის 9 წლიანი ხელისუფლების პერიოდის შესახებ ისედაც ყველამ ყველაფერი ზედმიწევნით იცის, იმ საკითხებზე კი, რაც სტატიაში შეგახსენეთ, ნაკლებად, ან თითქმის არ საუბრობენ.

“პროგრესნიუსი” 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close