ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდა შეადგენს 10,7%-ს – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის 2022 წლის პირველ სხდომაზე გასული წლის ძირითად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება.

„2021 წლის ბიუჯეტი 2020 წლის ბოლოს დაიგეგმა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე ეკონომიკურად, ყველაზე რთულ პირობებში. შესაბამისად, 2021 წელს ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები მინიმალური იყო. მაშინ, ეკონომიკური დისპროგნოზი შეადგენდა 4,3%-ს. მშპ-ის მოცულობა პროგნოზირებული იყო 53,4 მილიარდი ლარის ოდენობით, მთავრობის ვალის პროგნოზი იყო მშპ-ის 60%-ზე მაღალი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენდა 7,6%-ს. 2021 წელი საკმაოდ რთულად დაიწყო, იანვარში 11,5%-იანი ეკონომიკური კლება გვქონდა და, ფაქტობრივად, „ლოკდაუნის“ რეჟიმში ვიყავით – ვირუსის ძალიან მაღალი გავრცელებით, და, სამწუხაროდ, ადამიანური დანაკარგით, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა მარტ-აპრილიდან. მარტში დაფიქსირდა დადებითი ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აპრილში – უპრეცედენტოდ მაღალი, 44,8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამავე პერიოდში, დაიწყო საგარეო ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების სწრაფი გაუმჯობესება. 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 10,7%-ს. ჯამში, 10,7%-ის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით, 59,6 მილიარდ ლარს შეადგენს. 11 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტის ზრდამ შეადგინა 26.7%, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ – 28.7%; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან მიმართებით, 112%-ით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 37% შეადგინა. უნდა აღნიშნოს, რომ ივლისიდან მოყოლებული, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50%-ს აჭარბებს (ნოემბერში 55%); პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4%-ით გაიზარდა; პირველ 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშს დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, მათ შორის, მესამე კვარტალში – 6.1 პროცენტული პუნქტით. წლიურად, ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წელს 10.5%-მდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, დაუბრუნდება 5%-იან მაჩვენებელს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button