Slider

„ეკონომიკა უკან მიდის, ადამიანთა მცირე ჯგუფები ფანტასტიკურად მდიდრდებიან“ – დემურ გიორხელიძე

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახა საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ინდიკატორზე გაცვლით კურსზე. 26 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, ანუ ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 9,91 თეთრით გაუფასურდა. რა იწვევს ლარის მკვეთრ გაუფასურებას, უკავშირდება თუ არა ამას ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა და რა ელის ეროვნულ ვალუტას  მომავალში? ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ  „პროგრესნიუსი“ ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა.

_ ლარის დღევანდელი კურსის მდგომარეობას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ლარის კურსი იმ ეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს უკავშირდება, რაც არის დღეს საქართველოში. ყველაფერს განსაზღვრავს არა ის, რაც ამ კონკრეტულ მომენტში ეკონომიკაში ან ფინანსებში ხდება, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი და მთავრობა ახორციელებს, სამომავლოდ უკეთესობისკენ არანაირ პერსპექტივას არ ქმნის. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც გარკვეულ ოპერაციებთან კავშირი აქვთ, ცდილობენ ეს ფული შეიძინონ. უბრალოდ, აჟიოტაჟური მოთხოვნაა და არის წმინდა არბიტრაჟული ინფორმაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ  ეროვნული ბანკის პროცენტი კომერციული ბანკებისთვის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბაზარზე, ამიტომ ეროვნული ბანკის ყველა ის ინტერვენცია, როგორც წესი, კომერციული ბანკების ანგარიშებზე გადადის. ისინი ამას ისევ სავალუტო ოპერაციებში დებენ და ეს აჟიოტაჟური პროცესი საკმაოდ კარგად მართულია. ახლა რასაც  არალობირებული ბიზნესიდან და მოქალაქეებიდან ამოქაჩავენ,  საკმაოდ სერიოზული ფული იქნება. კომერციული ბანკების მოგებას წინა წლის შედეგებით თუ გადახედავთ, იქ არის 43%, რომელიც უზარმაზარი მოგებაა სავალუტო ოპერაციებით, მაშინ, როდესაც კომერციული ბანკი კლასიკური საბანკო ოპერაციებით, ანუ ფულის გასესხებით უნდა იღებდეს ძირითად შემოსავალს, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად აწყობილი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაანადგურებს მცირე და საშუალო ბიზნესს, იმიტომ, რომ მათი კრედიტები მიბმულია ეროვნული ბანკის ე.წ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან, რომელიც საკმაოდ მაღალია და ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მაშინ, როდესაც პირიქით, ამ პანდემიით გამო შექმნილ სიტუაციებში ფული გაცილებით ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ბიზნესისთვის, რომ როგორმე გაერისკათ საქმიანობა. მთელ მსოფლიოში ასე გააკეთეს. საქართველოში ადამიანები მზად არიან იმუშაონ, მაგრამ ხელისუფლება არანაირ ხელშეწყობას არ ახორციელებს. ყველა ის ღონისძიება, რომელიც მთავრობამ თითქოს  ბიზნესის მხარდასაჭერად განახორციელა, განულებულია. ბიზნესი კვლავ საშინელ მდგომარეობაშია.
_ და ეს მართული პროცესია?
_ ეს საკმაოდ კარგად მართული პროცესია. მე არც გულთმისანი ვარ და არც ვანგა, უბრალოდ ვაკვირდები პროცესებს და ადრევე ვთქვი, რომ კურსი 3 ლარამდე და შემდეგ თანდათანობით, 4 ლარამდე გაიზრდებოდა. როდესაც ეს ვთქვი, მაშინ არ დაიჯერეს იმიტომ, რომ 2.20-ის ფარგლებში იყო, მაგრამ ტრენდი უკვე ჩამოყალიბებული იყო. ტრენდი ახლაც ჩამოყალიბებულია და ამაზე რა თქმა უნდა, არ გაჩერდება. ეს არ მოხდება ნახტომისებურად, მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა 4 ლარამდე მივალთ, რადგან მთავრობის პოლიტიკა იმედის საფუძველს არ იძლევა. ამ აჟიოტაჟიურ მდგომარეობაში საჭიროა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ძალიან ცხადი და მკაფიო განცხადებები, საჭიროა მთავრობის მეთაურის მკაფიო  განცხადებები, რაც არ არის და ცხადია, პანიკა ისევ გაგრძელდება.
_ უკავშირდება თუ ამ პროცესებს ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლა?
_ ლარის კურსზე ფინანსთა მინისტრის ყოფნა-არყოფნა, როგორც არაპოლიტიკური პირისა, არანაირად არ მოქმედებს. ზოგადად, ის არ იყო ფიგურა, რომელიც რამეს მართავდა, ამიტომ წესით, ადრე უნდა გადამდგარიყო. აქ საუბარია ძირითადად იმაზე, რომ არასასურველი მოლოდინებია წინ. არავინ საიმედო ინფორმაციას არ იძლევა, თუმცა მთავარი სამიზნე აქ როგორც გითხარით, კომერციული ბანკების არბიტრაჟული ოპერაციებია ბაზრების ძალიან ცუდი მდგომარეობის გამო, არასრულყოფილებისა და ეროვნული ბანკის კატასტროფული სისუსტის გამო, როდესაც იგი ბანკებს ასეთი ოპერაციების გაკეთების საშუალებას აძლევს. ანუ სხვანაირად, რომ ვთქვათ, ერთ ადგილზე იყიდა დოლარი იაფად, გაყიდა მეორე ადგილზე – როდესაც ამას მთავრობა და ეროვნული ბანკი უშვებენ, ბუნებრივია, იქ ყოველთვის იქნებიან გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც, არბიტრაჟულ ოპერაციებზე დიდ ფულს მოხსნიან. ახლა ეს პროცესია, ცოტა ხანში დასტაბილურდება, მერე ისევ წამოიყვანენ უკან, თუმცა ფასები იგივე დარჩება, ჩვენ ისევ გადავიხდით ამისათვის.
ფასები ძალიან აწეულია და კიდევ უფრო აიწევს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ მოქმედებს ფასებზე, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ეს რეალურად ეკონომიკის სტაბილიზაციის, ან დასაქმებისკენ არ არის მიმართული, ამიტომ ეროვნული ბანკი თამაშობს თავის თამაშებს. კომერციული ბანკები ვითარებას ძალიან კარგად იყენებენ და მათ მიმართ პრეტენზია არასწორი მგონია. თუ კერძო სექტორი შექმენი და ისეთი გავლენა ექნება, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი საკუთარ მიზნებზე ამუშაოს, ამას კერძო სექტორი ყველა ქვეყანაში გააკეთებს. ამას აკეთებს გავლენიანი ქართული ბიზნესი საქართველოში, ამიტომ აქ პრეტენზია არის ხელისუფლების მთავარ ორგანოზე და არა კომერციულ ბანკებზე და მათი დემონიზაცია საჭირო არ არის. ისინი აკეთებენ იმას, რის საშუალებასაც ხელისუფლება აძლევს, ხელისუფლება კი ყველაფრის უფლებას აძლევს.
_  ასეთი მდგომარეობა როდემდე გაგრძელდება?
_  ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ პოლიტიკაში რამე არ შეიცვლება. კიდევ გეუბნებით, როდესაც 2.1-ზე იყო დოლარი ვთქვი, რომ 3-4 ლარზე ავიდოდა ეს ყველაფერი. ტყუილად არ მითქვამს, მათემატიკურად შევისწავლე და გავაკეთე პროგნოზები ჩემთვის, ამიტომ არაფერი არ იყო მოულოდნელი. მოვიდა 3 ლარის დრო, მოდის 4 ლარის დროც და ეს არის პოლიტიკის შედეგი. ფუნდამენტალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობ, არადა, ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ფუნდამენტალური პრობლემები.  ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკური პრობლემა საქართველოში არის ის, რომ მწირი ქართული ეკონომიკის მოცულობა და ქართული ვალუტის მოცულობა არის ერთმანეთისგან კატასტროფულად განსხვავებული. ფულის მასა რეალური ეკონომიკის მოცულობის მხოლოდ 18%-ია, M2 აგრეგატი, როგორც მას უწოდებენ. მსოფლიოს ყველა ქვეყნების ეკონომიკაში, ეკონომიკა რა მოცულობისაცაა, სახელმწიფოც იმავე ღირებულებებში იმავე თანხით ემსახურება მას. თუ ამა თუ იმ ქვეყნის მშპ 100 მილიონია, იმავე ქვეყნის 100 მილიონის ვალუტა ემსახურება. საქართველოში ფულის მასა ეკონომიკის მოცულობაზე 5-ჯერ ნაკლებია. სწორედ ეს გახლავთ ყველაფრის ავადმყოფობა და ყველაფრის თავი და თავი. იმიტომ არის, რომ ყოველ „დაცემინებაზე“ ლარი ხან ზევით გარბის, ხან ქვევით. ამას  ემატება ის რაც გითხარით, არასრულყოფილი ბაზრები, არასრულყოფილი მართვა, არაშეკრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ეკონომიკა უკან მიდის, ადამიანთა მცირე ჯგუფები ფანტასტიკურად მდიდრდებიან.
_ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვების მორიგი გამკაცრება გამორიცხული არ არის. როგორ იმოქმედებს ეს ლარის კურსზე?
_ ჩაკეტვები კიდევ უარესია. ეს იყო დიდი შეცდომა, მედიცინის იმ სამი ცნობილი მესვეურისა, რომლებმაც თავი მგონი ერთ-ერთ ყველაზე ამაზრზენ ფიგურებად აქციეს, როდესაც პროპაგანდაში ჩაერთვნენ და პროფესიონალიზმზე უარი თქვეს. მათ სახეზე სიყალბე ეტყობათ. ბუნებრივია ბიზნესმენი, ადამიანი, რომელიც თავს დაუცველად გრძნობს, ამას უყურებს. ჩაკეტვების შიში ნიშნავს, რომ წელს ეკონომიკას კიდევ უფრო საშინელ მდგომარეობაში ჩავაყენებთ.

გეოლოგი, ეკონომისტი, ინჟინერი, მეცნიერი ვაჟა კაკაბაძე

კურსის ზრდაზე მეტად ეკონომიკას ლარის კურსის რყევები ანგრევს. ახლა უცბათ გამოაგდებენ დოლარს დიდი ოდენობით და ბიზნესის დიდი ნაწილი იზარალებს მცირე ნაწილი დიდ ფულს იშოვის.

ლარის კურსი კატასტროფულად ეცემა. ამ დროს კომერციული ბანკები მაქსიმალურად უშლიან ხელს უცხოეთიდან ვალუტის ჩამორიცხვას იმ მიზეზით რომ ეროვნული ბანკის მონიტირინგის სამსახური დაგვაჯარიმებსო. განსაკუთრებით პრობლემებს უქმნიან ელექტრონული ფულის რეალიზაციით მიღებულ ვალუტას იმ შემთხვევაშიც კი, როცა ელექტრონული ფული საქართველოშია გამომუშავებული. ამ მიზეზებით ათეულობით მილიონი უცხური ვალუტის ჩამორიცხვა იბლოკება.

მთავრობა ცდილობს დოლარის გადინებას ხელი შეუშალოს, მაგრამ ამჟამად ამის გაკეთება არ შეიძლება, რამეთუ ეკონომიკის ზრდის ტემპი ძალიან დაბალია.

როგორც ზოგიერთი ეკონომისტი თურქულ ეროვნულ ვალუტის არასტაბილურობას აბრალებს ლარის მერყეობას, ეს მართალი არ არის, ლარი დოლარზეა მიბმული და მხოლოდ მისი მერყეობამ შეიძლება გამოიწვიოს ლარის მერყეობა. დოლარი კი არ მერყეობს, ის თანდათანობით მყარდება (მყარდება და არ მერყეობს), რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს ეკონომიკა, პანდემიის მიუხედავად, ვითარდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close