სამართალი

დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვს

ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არცერთ პროცესზე აქამდე არ ყოფილა

დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვს. როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, ასეთი პრეცედენტები არსებობს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ყოფილი პრეზიდენტის პროცესიც პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცემოდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა.

„ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი პროცესი, როდესაც რაღაც ბრალდება წარუდგინეს ადამიანს და უნდა ჩარიხინდეს ისე, რომ საზოგადოება არ იყოს ცოცხალ რეჟიმში ინფორმირებული. ეს არის პროცესი, რომლისადმი არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არცერთ პროცესზე აქამდე არ ყოფილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა სასამართლო სხდომები და ეს სხდომაც უნდა იყოს გადაცემული. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და პროცესზე გავაჟღერებთ. პროცესის შემდეგ ყველა ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გავაკეთებთ დეტალურ განმარტებებს“, – განაცხადა ბასილაიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close