Sliderსაზოგადოება

გიგა ბაკურაძე: “64 დღე ვიშიმშილე, 12 წერილი გავუგზავნე ლომჯარიას, მეგობარი დეპუტატის პირით შემომითვალა პატიმრებს არ ვხვდებიო”

რას იხსენებს ყოფილი პატიმარი, რომელსაც 2018 წელს საკანში შეუვარდნენ და სასტიკად სცემეს

“ჩემი პოსტი მინდა დავიწყო ყველა პატიმრის მიმართ სოლიდარობით, განსაკუთრებით მოშიმშილე პატიმრებს ჩემი სოლიდარობა, ვუსურვებ მათ პროტესტს გამოეღოს შედეგი და მალე თავისუფლებაზე ყოფნას ვუსურვებ ყველა პატიმარს, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს.

ჩემმა მეგობრებმა ყველამ ასე თუ ისე ყველამ იცით, თუ რა ჯოჯოხეთი გავიარე 2018 წლის 12 იანვრიდან 2019 წლის 09 ოქტომბრამდე, გახსენებაც არ მინდა იმ შავი დღეების იმ 21 შავი თვის რაც პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.

ბოლომდე ვიკავებდი თავს დამეწერა პოსტი, მაგრამ ჩემი დიდი მოთმინების ფიალაც აივსო. ახლა როცა სახლში ვარ გამოკეტილი კოვიდის გამო ამ ვერაგ დაავადებას ვებრძვი ყველაფერი თავში დამიტრიალდა.

მე-6 დღეა ტელევიზორს, სადაც არ გადავრთავს ყველგან მიშას ექიმების და ადვოკატების ინტერვიუებია და მიშას შიმშილობის ამბავს განიხილავენ, აბსოლიტურად გეთანხმებით, რომ პატიმარს მისი უფლებების დასაცავად არ უნდა ჭირდებოდეს პროტესტის სხვადასხვა ფორმები და ყველა პატიმრის ჯანმრთელობა უნდა იყოს გარანტირებულად დაცული.

გასაგებია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მედიის, საზოგადოების და მსოფლიოს ყურადღებას იმსახურებს. მიშა ჩემი ვიწრო დილეტანტური შეფასებით მართლაც არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გამოკვეთილი ლიდერი და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, ამით არ ვადასტურებ მის მიმართ სიმპატიას.

ახლა ვეკითხები სრულიად მედია სივრცეს, რომელიმე ტელევიზიამ თუ იკითხა გარდა სააკაშვილისა რამდენი პატიმარი შიმშილობს? რას აპროტესტებენ? როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? მათ ოჯახებს რა უჭირთ? ვეკითხები სამარცხვინო ადამიანის უფლებების სახალხო დამრღვევს – ლომჯარიას თუ მოინახულა სხვა მოშიმშილე პატიმრები თუნდაც გლდანის ციხეში?

მე როცა ვშიმშილობდი ჩემი პატიმრობის პერიოდში:

1. 2018 წლის 05 თებერვლიდან 2018 წლის 17 მარტამდე 42 დღე, (ცნობა#1)
2. 2018 წლის 02 აპრილიდან 2018 წლის 16 აპრილამდე – 14 დღე, (ცნობა#2)
3. 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრამდე – 8 დღე (ცნობა#3) სულ ჯამში ვიშიმშილე 64 დღე.
ტრიპაჩ, უტიფარ, უსინდისო და პოლიტიზერებულ ადამიანის უფლებების სახალხო დამრღვევს – ლომჯარიას, მივმართე 12 წერილით (გზავნილის დასტურები 12 ც), რათა შემხვედროდა პირადად და დაინტერესებულიყო ჩემს მიმართ განხორციელებული ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით.

როცა 2018 წლის 12 დეკემებერს დავიწყე შიმშილობა, ღამის 1 საათზე შემომივარდნენ საკანში ციხის თანამშრომლებლი (სახელებს და გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ ყველა ზეპირად ვიცი) მოშიმშილე პატიმარი სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად ჩამათრის ძალის გამოყენებით დეესკალაციის ოთახში, მცემეს უმოწყალოდ, მერე ნემსი გამიკეთეს, გამთიშეს და დამტოვეს იატაკზე დაგდებული (დეესკალაციის ოთახში ნარიც კი არ იდგა დასაწოლი), მეორე დღეს 13 დეკემებერს პაემანი გამიუქმეს და არც ჩემ ადვოკატთან შეხვედრის უფლება მომცეს (ცნობა #4), (ზუსტას ის სცენა რაც მიშაზე აჩვენეს) რამოდენიმე დღის მერე მოვიდა ლომჯარიას წარმომადგენელი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ისეთი დაფეთებული თვალებით მიყურებდა იქეთ ვცდილობდი დამემშვიდებია და რაუნდა მეთქვა მისთვის რას მოაგვარებდა, დავაბარე ლომჯარიასთან პირადად მინდა შეხვედრა თქო მასაც, მაგრამ ლომჯარიას არც მაშინ და არც მანამდე და არც მერე არცერთ წერილზე პასუხი არ გაუცია, მეტიც, ერთ-ერთი პარლამენტარი მეგობრის პირით შემომითვალა მე პატიმრებს არ ვხვდებიო.

შიმშილობის შედეგად დამემართა დიაბეტი, არავის გავუყვანივარ არათუ სამოქალაქო კლინიკაში, ე.წ. „რეზბალნიცაზეც“ კი არ გადამიყვანეს, ექიმების კონსილიუმს კიარა ენდოკრინოლოგსაც კი არ გავუსინჯივარ ციხეში (ფორმა #100).

ახლა მინდა ვკითხო ტრიპაჩ, უტიფარ, უსინდისო და პოლიტიზერებულ ადამიანის უფლებების სახალხო დამრღვევს ლომჯარიას, რატომ ხდება რომ ჩემი ქვეყნის სახალხო დამცველი ხალხს არჩევს, რანგის და სტატუსის მიხედვით? რატომ არღვევთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ეწევით შერჩევით სამართალს? რატომ ავრცელებთ თქვენს მანდატს შერჩევით? რატომ ვერ გამოყავით დრო ჩემთვის, როცა 12 ჯერ მოგწერეთ წერილი და არცერთხელ არ მიპასუხეთ?

რატომ ვერ დაიცავით ჩემი და ბევრი ჩემნაირი უბრალო პატიმრის უფლებები როცა მოგმართავდით? რატომ ვერ გამონახეთ დრო, რომ შემხვედროდით?

თქვენ ხართ სამარცხვინო ადამიანი ქ.ნ. ლომჯარია!

თქვენ ხართ სამარცხვინო ადამიანის უფლებების სახალხო დამრღვევი ქ.ნ. ლომჯარია!

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს დაიწყოს მუშაობა ამ სამარცხვინო ადამიანის ვადაზე ადრე უფლება მოსილების შეწყვეტის თაობაზე, საქართველოს ორგანული კანონის სახალხო დამცველის შესახებ მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ პუნქტების თანახმად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა. ხოლო ქ.ნ. ლომჯარია, არის მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, უსინდისო პიროვნება, ამასთან როგორც ზემოთ მოგახსენეთ ჩემს უფლებებს არათუ აიგნორებდა, მის მიერ პირადად დაირღვა ჩემი უდანაშაულობის პრეზუმცია, რის მტკიცებულებასაც წარმოვადგენ საჭიროების შემთხევაში, – წერს ფესიბუქზე გიგა ბაკურაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close