მსოფლიო

გარდაიცვალა კარანტინის დამრღვევი, რომელსაც პოლიციამ 300 ბუქნის გაკეთება აიძულა

ფილიპინების პროვინცია კავიტეში, პოლიციამ COVID-19-ის გამო დაწესებული კარანტინის დამრღვევს 300 ბუქნის გაკეთება აიძულა, რის შემდეგაც  28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Rappler ავრცელებს.

დარენ მანაოგ პენარედონდო და მისი მეგობრები 1 აპრილს, საღამოს 6 საათის შემდეგ დააკავეს, როდესაც ისინი წყლის საყიდლად ქუჩაში გამოვიდნენ. გარდაცვლილის ბიძაშვილის თქმით, კარანტინის წესების დარღვევისთვის საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა 100 ბუქნის ერთდროულად გაკეთება აიძულეს. იმის გამო, რომ მეგობრები ვარჯიშს სინქრონულად არ ასრულებდნენ, რამდენჯერმე თავიდან დაწყება მოუხდათ. შედეგად, თითოეულმა „კანონდამრღვევმა“ 300 ბუქნი გააკეთა.

„პენარედონდო სახლში 2 აპრილს, დილის 6 საათზე დაბრუნდა და დაიჩივლა, რომ კუნთები ტკიოდა. სიარული საერთოდ არ შეეძლო და ლოგინამდე უბრალოდ მიხოხდა. განგაში არ ამიტეხია, რადგან მითხრა, რომ ეს უბრალო კუნთების ტკივილი იყო და მალე გაივლიდა“ – იხსენებს გარდაცვლილის შეყვარებული რეიჩელინ ბალსი.

მეორე დღეს პენარედონდოს მდგომარეობა გაუარესდა. რეიჩელმა დახმარებისთვის მეზობლებს დაუძახა, მაგრამ მამაკაცის გადარჩენა ვერავინ შეძლო.

მომხდართან დაკავშირებით, ადგილობრივი პოლიციის უფროსმა, მარლო სოლერომ  განაცხადა, რომ კარანტინის დამრღვევთა მიმართ ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენება დაუშვებელია და პატრულებს საყვედურს გამოუცხადებს.  სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში მცხოვრებმა გოგონამ ნიძლავის მოსაგებად ათასი ბუქნი გააკეთა და რეანიმაციაში მოხვდა. 19 წლის ტანგი და მისი მეგობარი ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყო უფრო ძლიერი იყო და  ორი საათის მანძილზე ჩაბუქნებს აკეთებდნენ.  საბედნიეროდ, ექიმებმა გოგონას გადარჩენა შეძლეს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close