საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს – ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს. ის, თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას, არის მტკნარი სიცრუე. ყველა სასადილო ჩვეულ რეჟიმი ფუნქციონირებს და ემსახურება ბენეფიციარებს. გარდა ამისა, ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო აღნიშნული სასადილოებისთვის, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, მერიის მიერ ჩატარებული კვლევა მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას ემსახურება.

„ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის კვლევა, რასაც ხშირად მივმართავთ და ემსახურება იმ მიზანს, რომ პერიოდულად დავტესტოთ და გადავამოწმოთ სხვადასხვა პროდუქციის საბაზრო ფასები“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის მენიუს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი 20 მილიონიდან 25 მილიონამდე გაზარდა.

შეგახსენებთ: “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ თბილისის მერს კახა კალაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.

ბატონო კახი,

1. თუ მაინც და მაინც – საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა. გაცნობებთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ სადილის მომზადება!

2. პროდუქტი რის გაცემასაც აპირებთ იქნება იმდენად მცირე, რომ იმით იგივე ეფექტის მიღწევა შეუძლებელია, რაც ერთობლივად მომზადებისას!

3. სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ კომუნალური ხარჯები და ეს დამატებით დააზარალებთ მათ!

4. სასადილოები იძულებული გახდებიან უმუშევრად დატოვონ რიგი თანამშრომლები!

5. თავი შეიკავეთ და ნუღარ მოითბობთ ხელს გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. მორიგი კორუფციული გარიგების სუნი დადგა!

6. ყოველი ჭამის დროს გაიხსენეთ რას და რა რაოდენობით ჭამენ ადამიანები და ერთხელ ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ერთი ორშაბათი გაატარეთ ამ მენიუზე (400 გრამი მაწვნის შეჭამანდი, 200 გრამი მანის ფაფა, 250 გრამი პური,) და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მოგცენ 40 გრამი მაწონი, 12 გრამი ხახვი, 30 გრამი ბრინჯი, მეოთხედი კვერცხი, 7 გრამი მწვანილი და თავად უნდა მოამზადოთ კერძი. დაახლოებით ამ სიტუაციაში უნდა ჩააგდოთ ადამიანები, ოჯახები სადაც ერთი, ორი ან სამი ოჯახის წევრია.ასე რომ ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი!”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button