ბელორუსში ახალგაზრდა ცოლ -ქმარი პირადი მიმოწერისთვის მეექვსედ დააპატიმრეს
ბელორუსიაში 26 წლის მეუღლეებს ანასტასია კრუპენიჩ-კონდრატიევას და სერგეი კრუპენიჩს ტელეგრამ-არხზე მიმოწერის გამო, ზედიზედ მეექვსედ ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვესნა“ ავრცელებს.
ცოლ -ქმარი უკვე 84 დღეა იზოლატორში იმყოფება. პოლიციამ ისინი პირველად ივლისის დასაწყისში დააკავა. ბელორუსის უშიშროების სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს „ექსტრემისტული“ ტელეგრამ-არხების ინფორმაციებს უგზავნიდა. ახალგაზრდები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც იგივე ეპიზოდზე, მაგრამ სხვა არხების გამოყენებისთვის ახალი ბრალი წაუყენეს.
ბოლო საქმეზე გასამართლებულ ცოლ-ქმარს საპატიმრო 25 სექტემბერს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ 23 სექტემბერს 13 დღიანი პატიმრობა დაუმატეს. ეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარის გასამართლების მეექვსე ეპიზოდია. უფლებადამცველი ორგანიზაციების გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმრის დაკავების შემდეგ ერთ-ერთ რელიგიურ არხზე ანასტასიას ვიდეო-ჩართვა გამოჩნდა. „ანასტასიამ ექსტრემისტულ არხს პოლიციის თანამშრომელთა შვილების პირადი მონაცემები გაუგზავნა“, – ნათქვამია უფლებადამცველების განცხადებაში.
რამდენიმე თვის წინ ბელორუსის სასამართლოში დაიწყო პროცესი 22 წლის რეპერის წინააღმდეგ, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.