მსოფლიო

ბელმონდო – ფრანგული კინოს შეუდარებელი ვარსკვლავი

საფრანგეთში ჟან პოლ ბელმონდოს ხსოვნას პატივი მიაგეს. პარიზში გამართულ მასშტაბურ სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები, ცნობილი ხელოვანები და სპორტის ვარსკვლავები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც ჟან-პოლ ბელმონდოს „ფრანგული კინოს შეუდარებელი ვარსკვლავი“ უწოდა.

„ჩვენ გვიყვარს ბელმონდო, რადგან ის ისეთივეა, როგორც ჩვენ“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსახიობმა დაუვიწყარი კვალი დატოვა მრავალი ფრანგი კინორეჟისორის ნამუშევრებში.

ათასობით ადამიანი საყვარელ მსახიობთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს გარეთ დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებდა თვალს.

ფრანგული კინოს ვარსკვლავის, ჟან პოლ ბელმონდოს დაკრძალვა ხვალ, 10 სექტემბერს გაიმართება. დაკრძალვის ცერემონია ვიწრო ოჯახურ წრეში ჩატარდება.

ჟან პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში 6 სექტემბერს გარდაიცვალა.

მსახიობის კინოკარიერა 50 წელს ითვლის. ის სხვადასხვა ჟანრის 80-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა. ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – „სეზარის“ გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებივრებული“.

2011 წელს კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close