Sliderსაზოგადოება

„აქ ყველგან აფხაზეთია – ზღვა და მზე“ – ეკა ხოფერიამ ეთნიკურად აფხაზი მხატვარი სახელოსნოდან გამოაგდო

ის მხატვარია. ეთნიკურად აფხაზი. სახელოსნო არა აქვს. მისი სახელოსნო სახლია – აქ ხატავს, აქ მუშაობს, აქ ძინავს. ორი ოთახის კედლებზე აფხაზეთი ცოცხლობს, საითაც არ უნდა გაიხედოთ ყველგან აფხაზეთია – ზღვა, მზე, თავისუფლება.
ფერები? ფერებიც აფხაზეთს გვაგონებს – ზღვისფერი, მზისფერი, სიყვარულისფერი, ცრემლნარევი, სევდით სავსე. სევდით, რომელსაც დევნილობა ჰქვია.
ჯემალ ბასარია – მრავალი გამოფენის მონაწილე და გამარჯვებული. მხატვარი, რომელის სახელი დიდი ხნის წინ გასცდა საქართველოს ფარგლებს, საქართველოში კი იმ სახელოსნოდან გამოაგდეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები იყრიდნენ თავს, ხატავდნენ აფხაზეთს – ზღვას, მზეს, თავისუფლებას, სიყვარულს.
ჯემალ ბასარიამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან მიიღო მოწვევა, ის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრად აირჩიეს.
„წარმოგიდგენიათ, არავინ გამომხმაურებია აფხაზეთის მთავრობიდან, თითქოს არაფერი მომხდარა, – გულდაწყვეტილმა გვითხრა და ასევე გულდაწყვეტილმა დაამატა, – აქ გამოფენაში უნდა მიმეღო მონაწილეობა, რაკი ჟიურის წევრად ამირჩიეს, უფლება არა მაქვს ჩემი ნახატები წარვადგინო.“
პანდემიამ დრო შეაჩერა თითქოს, ჯემალ ბასარიას გეგმებიც ისევე ჩაიშალა, როგორც ბევრი ჩვენთაგანის – საზღვარგარეთ დაგეგმილი მხატვრის არაერთი გამოფენა გაურკვეველი დროით გადაიდო.
„წესიერი ადამიანები რომ იყვნენ თბილისში თბილად მოკალათებულ აფხაზეთის მთავრობაში, ჯემალ ბასარიას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის, გაღრმავების კუთხით გამოიყენებდნენ. მითუმეტეს, რომ მას ძალიან დიდი წრე ჰყავს, იქ, აფხაზეთში“, – გულნატკენმა გვითხრა აფხაზეთიდან დევნილმა მხატვარმა, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ.
ალბათ, ოდესმე დადგება დრო, როცა აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს სათანადოდ დააფასებენ, დღეს კი მოცემულობა ასეთია – ჯემალ ბასარია და დევნილი მხატვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ეკა ხოფერიამ  სახელოსნოდან გამოყარა.
ჯემალ ბასარია:
_ ეთნიკურად აფხაზი ვარ, მაგრამ ხაზგასმით მინდა გითხრათ, ჩვენ ვართ ძირძველი ქართველები, როგორც მეგრელები, სვანები, იმერლები, კახელები და ა.შ. ასე ამბობდა მამაჩემი, მისი წინაპარიც და დიახ, ეს ასეა. მრავალი წელი გვაშორებს ჩვენს მიწაწყალთან. დღეს უკვე საკითხი ასე დადგა – ემახსოვრება თუ არა ჩვენს შთამომავლობას აფხაზეთი. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. როგორც ავუხსნით მათ, როგორც ვასწავლით, ისეთ ნაყოფს მივიღებთ. ჩემს ირგვლივ მესამე თაობის ახალგაზრდები ტრიალებენ, რომელთაც აფხაზეთი არ უნახავთ, მაგრამ კითხულობენ – როდის დავბრუნდებით აფხაზეთში? ამას ჩემი შვილიშვილი ყოველდღე მეკითხება და ძალიან მინდა, რომ მისთვის აფხაზეთში დაბრუნება აუხდენელ ოცნებად არ დარჩეს.
ისიც ფაქტია და სამწუხაროა, რომ არის მცდელობა აფხაზეთის მოსახლეობა რაც შეიძლება დააშორონ აფხაზეთს. აი, ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მთავრობამ, ხელოვნების წარმომადგენლები გამოაძევა სახელოსნოდან. იყო დრო, როცა დევნილებს ყრიდნენ სასტუმროებიდან, ახლა სახელოსნოებიდან გვყრიან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მეტკინა გული, თითქოს მეორედ გამომაძევეს ჩემი მშობლიური მიწა-წყლიდან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მე ვარ აფხაზი, გუდაუთის რაიონიდან. ბაბუაჩემი გადმოსახლდა გალში, სადაც დავიბადეთ ჩვენ. ნათესაობა აფხაზეთში გვყავს, როდესაც დავშორდით ერთმანეთს და ჩვენს შორის გაჩნდა ხელოვნული უფსკრული, მაგრამ ხელოვნების წარმომადგენლებს არასდროს დაგვიკარგავს ერთმანეთი. მე ყოველ წელს დავდივარ აფხაზეთში, მაქვს მათთან შეხება და ვიცი რას ამბობენ, რას ფიქრობენ. ისინი ძალიან არიან მონდომებულნი რომ ჩვენ შევრიგდეთ – ხალხი, უბრალო ხალხი. უბედურება კი ისაა, რომ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. აფხაზი მხატვრები ჩვენთან ურთიერობით არიან დაინტერესებულნი. ვერაფრით გამოვნახეთ საშუალება, რომ ერთობლივი გამოფენა მოგვეწყო. დაბრუნება და შერიგება თუ გვინდა, პირველი ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას, რაღაცას ერთობლივად ხომ უნდა მივაღწიოთ. ერთი ნაბიჯი არაა გადაგმული, ერთი.
შარშან ორი ბავშვი ჩამოვიყვანე. არ იცოდნენ აქაურობის შესახებ არაფერი, ერთი კვირა იყვნენ თბილისში, დავათვალიერებინე დედაქალაქი და მისი შემოგარენი. აღფრთოვანებული წავიდნენ ბავშვები, ეს რა ვნახეთ, ჩვენ სულ სხვას გვეუბნებიანო.
ამ კუთხითაც ხომ არის სამუშაო? არავინ ფიქრობს ამაზე, არავინ მუშაობს.
სახელოსნო ჩვენი ერთადერთი თავშესაფარი იყო, ნესტიან სარდაფში ვიკრიბებოდით და ისიც წაგვართვეს, ულტიმატუმით – თუ ახლავე არ დაცლით სახელოსნოს, თქვენს ნივთებს ქუჩაში გამოვიტანთ. ხოფერიასგან ამას არ მოველოდი. სხვანაირი წარმოდგენა მქონდა მასზე და მან თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა მხატვრების დევნით დაიწყო. სად წავიდეთ ახლა ჩვენ, რა გავაკეთოთ? ხომ ხედავთ მე როგორ ვმუშაობ? სახელოსნო არა მაქვს და სახლში ვმუშაობ, შეზღუდული. უფალს მადლობა, მაქვს საშუალება და შემიძლია რაღაც გავაკეთო, შევიძინო, ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომელთაც საღებავის შეძენის კი არა, პურის ფული არა აქვთ. მთავრობა რომ ხარ, ასეთ ადამიანებს თუ არ ეხმარები, ხელს მაინც ნუ უშლი.
_ მხატვარმა თავად უნდა შეინახოს თავი.
_ როგორ? ერთ სეკვეთასაც არ გვაძლევს სახელმწიფო. ხედავთ როგორი მშენებლობები მიდის ქვეყანაში, ასეთი უსახური გინახავთ სხვაგან? არსად. ვერსად ნახავთ მხატვრის გაფორმებულ ადგილებს. სახელმწიფომ მშენებლები დაავალდებულა მშენებლობის დასრულების სემდეგ, ეზო მოაწყონ, დარგან ნარგავები. იგივე მიდგომა ხომ შეიძლება მხატვრების მიმართაც ჰქონდეთ?
_ სად იკრიბებით სახელოსნოს გარეშე დარჩენილი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები?
_ პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩემი აზრით, დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ მხატვრებს ხელი შეუშალოს, ვერ გავიგე რატომ, მაგრამ ასე ვფიქრობ. რაღაც პირადულია, როგორც ჩანს. მგალობლიშვილის დამსახურებაა მხატვრებს ის მინიმალური დაფინანსება რომ მოუხსნეს, რაც გვქონდა. არადა, ასეთი მწირი დაფინანსების პირობებში ვახერხებდით საქართველოს ფარგლებს გარედან ჩამოგვეყვანა მხატვრები, მოგვეწყო გამოფენები. სტუმრების გზის ფულს ჩვენ არ ვუხდიდით, აქ ჩამოსულებს ნათესავებთან ვაბინავედბით, ვყიდულობდით საღებავებს და სხვადასხვა ღონისძიებებს ვაწყობდით.
ევროპაში არ არსებობს მხატვართა კავშირი, იქ სახელმწიფო არ აფინანსებს მხატვრებს, მაგრამ ეხმარება, შეღავათიანი ფასებით სახელოსნოს ფართის აღებაში, შეკვეთებიცაა, არაფერს ვიტყვი რუსეთზე, სადაც მხატვრებს სამმაგ დაფინანსებას აძლებს სახელმწიფო. ჩვენ გვეუბნებიან, რომ არსად ფინანსდებიან მხატვრები და თქვენ რატომ დაგაფინანსოთ. იგივეს ამბობენ მომღერლებზე, ხომ? მაგრამ ისიც ხომ ცნობილია როგორ აფინანსებენ? ცნობილია! ხელოვნების დარგის სხვა წარმომადგენლებსაც აფინანსებენ და როგორ, ესეც ვიცით – ჩალით არაა დახურული ქვეყანა. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. არ უნდათ მწირი დაფინანსება მოგვცენ? კი, ბატონო. ღონისძიებები მაინც გააკეთონ, მოიწვიონ სხვა მხატვრები, ეს მაინც დააფინანსონ. ერთხელ პრენერი ჩაატარეს და ცუდი საღებავები დაგვირიგეს, დაბალი ხარისხის, იმ საღებავებით არც ერთი მხატვარი არ ხატავს. არც იმ ტილოებს ვხმარობთ, რაც დაარიგეს, არც ფუნჯები იყო გამოსადეგი. ე.ი. ტყუილად დახარჯეს ფული. დაარიგეს ბევრი და უხარისხო. მხატვარი ასეთი საღებავებით და ასეთ ტილოზე რომ დახატავს და ნახატი, რომელსაც გაყიდის, ან გააჩუქებს, მაქსიმუმ 1 წელში რომ გახუნდება, რა წარმოდგენა დაგრჩებათ ასეთ შემოქმედზე? მე ვიცი რომელია კარგი საღებავი, რომელიც ძალიან ძვრირი ღირს, ამიტომ ერთი ეყიდათ და ხარისხიანი. აი, გამოგვყარეს მხატვრები და თითქოს არაფერი მომხდარა, არავის აინტერესებს.
_ რას აპირებთ?
_ ჩვენ, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი წევრები ვცდილობთ საქმე გავაკეთოთ. ახლა ვართ  შავი ზღვის ბასეინის მხატვართა ასოციაციის შექმნის ეტაპზე. მზადაა ყველაფერი, უნდა მივმართოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც შავი ზღვის აუზის შემადგენლობაშია და მათთან ერთად გავერთიანდეთ. ჩვენ ვაკეთებთ დიდ საქმეს, მხატვრობას, ისევე როგორც მუსიკას, არ ჭირდება თარჯიმანი. არავისი იმედი არა გვაქვს, რომ გვერდით დაგვიდგებიან, პირიქით, თუ ხელს არ შეგვიშლიან მადლობას ვიტყვით. აი, ცოტა ხნის წინ ხელოვნების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრად ამირჩიეს, იქ მაფასებენ და აქ არავინ. ერთი კაციც კი არ გამომეხმაურა, თითქოს არაფერი მომხდარა. მათთვის მისაღები მხატვარი რომ მიეწვიათ, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ „ქარბორბალას“ დაატრიალებდნენ? გადაცემას გადაცემაზე გააკეთებდნენ. დიახ, საქართველოს სახელით გამოვდივარ და ევროპაში სადაც კი მქონია გამოფენა, ყველგან საქართველოს სახელით გამოვდივარ, აფხაზეთის მთავრობას კი ეს არ აინტერესებს. ეს რებუსი ვერ ამოვხსენი, რატომ? თუ არ გინდა აფხაზებთან ურთიერთობა, გამოუცხადე დამოუკიდებლობა, თუ გინდა გადადგი ნაბიჯი, გამოიყენე ყველა, მხატვარი იქნება, მუსიკოსი თუ სხვა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close