Sliderსაზოგადოება

“არ არსებობს იდეა, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია” – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი (ბიზნესინკუბატორი) 10 ოქტომბერს, ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილ პლენერულ არტივენთში მიიღებს მონაწილეობას. სტუ-ის ფაბლაბის გუნდი, სხვადასხვა  ნამუშევრებთან ერთად, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილ ინოვაციურ ინსტალაციას – „ნიკალას აჩრდილს“ და პრეზენტაციას „ფიროსმანი ფილმებში“ წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი ღონისძიების პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მიმდებარე ბაღში, ღია ცისქვეშ გაიმართება. ფიროსმანის დღეებისადმი მიძღვნილი ნამუშევრების შექმნამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა „5 ინსტალაციის პროექტზე“ მუშაობა კოვიდპანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში დაასრულა. პროექტის ფარგლებში ფაბლაბის გუნდმა შექმნა ორიგინალური ინსტალაციები და მოდულები, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ფაბლაბის მუდმივმოქმედი გუნდი, სხვადასხვა პროფესიის მქონე ხუთი წევრისგან შედგება. სტუ-ის ფაბლაბის პორტფოლიოში 286 განხორციელებული პროექტი, ინსტალაცია და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა.
სტუ-ის ფაბლაბის გუნდის მიერ განხორციელებული ახალი ინოვაციური პროექტების, 
3D პრინტერების, CNC რუტერებისლაზერული მჭრელების და სხვა დანადგარების მეშვეობით შექმნილი „გონიერი“ ნივთებისპროტოტიპირებისტესტირების და სხვა მიმდინარე პროცესების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაფის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი საუბრობს.

– არსებობს სივრცეები, რომელიც აღჭურვილია უნიკალური შესაძლებლობებითა და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. აქ შესაძლებელია ყველაზე უტოპიური იდეების ხორცშესხმა და ციფრული ფაბრიკაცია. სწორედ ასეთია ფაბლაბი, სადაც ყველაფერი ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს უკავშირდება, ხდება ახალგაზრდა ინოვატორთა შეკრება, ახალი იდეების გენერირება, მათი სრულყოფა და რეალიზება; შესაძლებელია მცირე წარმოების ამოქმედებაც კი.
ფაბლაფი, იგივე ბიზნესინკუბატორი ტექნიკური უნივერსიტეტის ბრილიანტია, რომელიც იდეების ხორცშესხმის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. ჩვენი სლოგანია – „იდეიდან პროტოტიპამდე“. ნებისმიერი საინტერესო იდეას ჩვენი გუნდის ამუშავებს პროექტის სახით, მზა პროდუქციად კრავს და გააქვს  პრეზენტაციებსა და გამოფენებში.
სტუ-ის ფაბლაფის კარი ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისა თუ პროფესორ-მასწავლებლისთვის. ჩვენი გუნდის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩაერთოს.
სტუ-ის ფაბლაბის გუნდი სხვადასხვა პროფესიის მქონე ხუთი წევრისგან შედგება. სატესტო რეჟიმში ჩვენი მუშაობა წარმატებებული აღმოჩნდა. სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს – ვაპირებთ ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანატებთან და სტუდენტებთან ერთად, სხვადასხვა პროექტზე ვიმუშაოთ. ამით სტუდენტების დაინტერესებასაც გავზრდით და ფაბლაბის ცნობადობასაც ავამაღლებთ.
– რატომ უნდა დავარქვათ ამ სივრცეს, როგორც თქვენ ბრძანეთ ბრილიანტი?
– თანამედროვე ადამიანი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ტექნოლოგიები ყოველთვის გვიმარტივებს ცხოვრებას, გონიერმა გაჯეტმა შეიძლება წარმატებით მოაგვაროს რომელიმე გლობალური პრობლემა. ფაბლაბების ერთობა ქმნის იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც უწყობს ხელს. განათლების სფეროში დღეს დიდ რესურსს დებს სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ერთ-ერთია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ტექნიკური და საინჟინრო დარგების განვითარების მიმართულებით.
ფაბლაბის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას შესთავაზოს ეკონომიკის განვითარების თავისი უნიკალური მოდელი, რომელიც ცოდნაზეა დაფუძნებული. ფაბლაბების მუშაობის გააქტიურება მნიშვნელოვანია ახალი სტარტაპ-ბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და პერსონალური წარმოების განსავითარებლად, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანისთვის სასურველი ინდივიდუალური დიზაინისა თუ ფუნქციების მქონე პროდუქტის მისაღებად არ იქნება საჭირო დიდი ქარხნების აშენება – პროდუქტების მიღება აბსოლუტურად შესაძლებელია ფაბლაბების ბაზაზე.
– ვთქვათ მაქვს იდეები, რომლის რეალიზაციაც არ შემიძლია, როგორ დამეხმარება ფაბლაფი განხორციელებაში?
– ჩვენთან კომუნიკაცია არ არის რთული, არც ფაბლაფის მოძიება წარმოადგენს პრობლემას. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ მეცნიერებაში სიტყვა ეთქმის, შეუძლია მოგვმართოს.  თუ მისი იდეა მისაღები იქნება, ჩვენ დავეხმარებით და იდეას რეალობად ვაქცევთ. ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი სულ ორი წელია ფუნქციონირებს, მაგრამ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი გზა ავირჩიეთ – არასოდეს არ ვქმნით ერთი კონკრეტული ტიპის პროექტებს. ხშირად მიაჩნიათ, რომ ფაბლაფის ტექნოლოგიური სივრცე მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. არადა, ჩვენი ფაბლაბის პროექტებში, ფიზიკოსებთან და ინფორმატიკის სპეციალისტებთან ერთად, ერთვებიან ენერგეტიკოსები, ბიზნესტექნოლოგიების სპეციალისტები, ქიმიკოსები, არქიტექტორები, დიზაინერები და ა.შ. იმიტომ რომ, ჩვენს ბიზნესინკუბატორში იბადება ისეთი იდეები და მუშავდება იმ ტიპის პროექტები, რომელიც ნებისმიერ სოციალურ ჯგუფს გამოადგება, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე პირებს,  დიასახლისებს და ა.შ. გარდა ამისა, ვმუშაობთ მუნიციპალურ პროექტებზე.
– თქვენთან მოდიან იდეებით, მაგრამ ვინ არის განხორციელებული პროექტის იდეის ავტორი?
– ვთქვათ, იდეა თქვენია. ჩვენი „გონისთვის“ პრიორიტეტს არ წარმოადგენს დავირქვათ მწარმოებელი. ნებისმიერი პროექტის შექმნა ისედაც საუნივერსიტეტო პლატფორმაზე ხდება და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი წვლილი შეაქვს ფაბლაბში შემოსული იდეის რეალიზაციაში. იდეიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე ყველა დეტალი ისე იკრიბება და მუშავდება, რომ ამით ჩვენი ქვეყანა იღებს სარგებელს.
ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის პრიორიტეტი იდეების გენერირება, მათ რეალიზებაში მონაწილეობა და რაც შეიძლება მეტი კრეატიული პროექტის შექმნაა. ჩვენ ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს გაკეთებული.
– ვისაუბროთ პროექტების შესახებ.
– დღევანდელი მონაცემებით, არაერთ დიდ პროექტზე ვიმუშავეთ. ამ ეტაპზე 286 განხორციელებულ პროექტს ვითვლით. გარდა ამისა, მრავალ ღონისძიებაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგალითისთვის, გავიხსენებ ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილ შემეცნებით და შემოქმედებით კონკურსს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით გაიმართა. ეს იყო კრეათონი – „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში”.  ჩვენი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, სტუ-ის ფაბლაბი ჟიურის შემადგენლობაშიც შეიყვანეს. ვამაყობ იმით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფმა ნიკო ფიროსმანისადმი მიზღვნილ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა.
მოგეხსენებათ, რომ კოვიდპანდემიით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. სტუ-ის ფაბლაბს კი მანამდეც ჰქონდა მსგავსი სისტემით მუსაობის გამოცდილება. შესაბამისად, ონლაინ მუშაობა ჩვენთვის არ იყო უცხო და არც „5 ინსტალაციის“ პროექტების დასრულებას შექმნია საფრთხე.
ფაბლაბში დამზადეული ინსტალაციები გამოყენებულ იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული „ტელესკოლის“ გაკვეთილებში იმ მიზნით, რომ მოსწავლეებისთვის მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო ესა თუ ის ფიზიკური მოვლენა. „ტელესკოლის“ ონლაინ გაკვეთილის მე-40 თემა ოპტიკურ ილუზიებს ეხებოდა. სწორედ ოპტიკური ილუზიაა ფაბლაბში არსებული ერთ-ერთი ინსტალაციის – „ჩანჩქერის“ მთავარი შემადგენელი ნაწილი.
ახლახან, ტექნიკური უნივერსიტეტის უცხოელმა დოქტორანტმა, რომელიც სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში ასისტენტად მუშაობს, ფაბლაბის გუნდთან ერთად ადამიანის სხეულზე ვენების საძიებელი მობილური ბიოფოტონური მიკრომოწყობილობა დაამზადა.
სტუ-ის ფაბლაბი მუდმივად ზრუნავს სპეციალური და შეზღუდული საჭიროების მქონე პირებზე. ჩვენთან „5 ინსტალაციის“ ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი პროექტი წარმოადგენს მოდულს, რომელიც გაუადვილებს ყოველდღიურ ყოფას სპეციალური და შეზღუდული საჭიროების მქონე პირებს. მოდული არის კომპაქტური და მაგრდება ფეხსაცმელზე. მოსალოდნელი დაბრკოლების შემთხვევაში, ხელსაწყო გამოსცემს ვიბროიმპულსს, რომელიც მყისიერად გადაეცემა მომხმარებელს.
ფაბლაბის „5 ინსტალაციის“ ერთ-ერთი პროექტი „მოლაპარაკე ყვავილია“. მოდული მომხმარებელს ატყობინებს, თუ როდის ესაჭიროება მცენარეს მორწყვა, თავაზიანად აუწყებს მორწყვის დოზირებას და ასე შემდეგ – მცენარე გვესაუბრება თავისი მდგომარეობის შესახებ.
სტუ-ის ფაბლაბში შეიქმნა პროექტი „პროგრამირებადი სფერო“. ეს არის ელექტრომაგნიტური ველის გამოყენებით შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ორიგინალური ფორმით ან სარეკლამო-საიმიჯო მიზნით, სხვადასხვა აქტივობებსა თუ პროექტებში. ის კომპაქტური სამაგიდო აქსესუარია, რომლის მასშტაბიც სურვილის მიხედვით იზრდება.
ჩვენი პროექტით „აღმოაჩინე ევროპა“ ბავშვებისთვის შევქმენით საგანმანათლებლო-შემეცნებითი დატვირთვის სათამაშო. პროექტის მიზანია, ბავშვებშიაღძრას ცოდნის შეძენის სურვილი და რაც მთავარია, ეს მოხდეს სწრაფი,
ინოვაციური და ასაკობრივი კატეგორიისთვის მარტივად ასათვისებელი გზით. შევიმუშავეთ კონცეფცია და ნიმუშად შევქმენით სათამაშო, რომლის პლატფორმა ევროპაა. კონცეფცია მოიაზრებს სხვადასხვა თამაშების შექმნასაც, რომელსაც განსხვავებული პლატფორმები ექნება, როგორიცაა: ტრანსპორტი, გარემოს დაცვა,
ბუნების სამყარო და ა.შ. მსგავს პლატფორმაზე თამაშისას, ბავშვი ხალისით გაიღრმავებს არა მხოლოდ
ცოდნას, არამედ განავითარებს კონცენტრაციის, სხარტი აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარებს.
ეს მათთვის უდავოდ საინტერესო ჯგუფური სათამაშო გახდება. როცა პირველად, ფაბლაბში სტუმრად მყოფ პოლონელ მკვლევრებს ჩვენი სათამაშო წარვუდგინეთ, გაკვირვებული დავრჩით, თუ როგორი ხალისით ითამაშეს და აღმოაჩინეს ევროპა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. ამდენად, ვფიქრობთ, თუ ამ ტიპის სათამაშოები ჩვენს საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში დაინერგება, ეს მრავალმხრივ სასარგებლო აღმოჩნდება პატარების ინტელექტუალური განვითარებისთვის.
– რაც ეხება დაპატენტებას?
– ფაბლაბის მნიშვნელოვანი პროექტები ტესტირების რეჟიმშია. ყველა პროექტი დაპატენტდება. ჩვენ შევძლებთ ამ კუთხითაც წარმოვაჩინოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ცნობისთვის, მსოფლიოში 1090 ფაბლაბი ფუნქციონირებს, მათ შორის 22 – საქართველოში. ფაბრიკაციის ლაბორატორიების საერთაშორისო რეიტინგში, რაოდენობის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მე-11 ადგილზეა და უსწრებს შვეიცარიას, იაპონიას, ჩინეთს, პოლონეთს, პორტუგალიას და სხვა ქვეყნებს. საქართველოში მოქმედი 22 ფაბლაბიდან ერთ-ერთი ცნობილი და აქტიურად მომუშავე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close