საზოგადოება

“აი, ჩვენი სამაია, ნონა, ნანა და მაია” – როგორი სამახსოვრო მონეტის გამოშვებას გეგმავდა რომან გოცირიძე?

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს:

„როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, გეგმაში მქონდა სამახსოვრო მონეტის გამოშვება, რომელსაც პირობითად “სამაიას” ვუწოდებდი.
“აი, ჩვენი სამაია,
ნონა, ნანა და მაია”.
ეს ლექსი ამეკვიატებოდა ხოლმე მაშინ. ვერ მოვასწარი.
ქალი ლეგენდა, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი ულოცავს, რადგან მოსწონს მისი პოლიტიკური პოზიცია და არ ულოცავს (რბილად რომ ვთქვათ), რადგან სხვა პოლიტიკურ ბანაკს განეკუთვნება. ლაშა ტალახაძეც, ეს მეორე ცოცხალი ლეგენდა, ასევე შეიძულა საზოგადოების ერთმა ნაწილმა, არჩევნებში მის მიერ გამოხატული სიმპატიის გამო.
რამდენი სახელოვანი ადამიანი სძულს უკვე იქეთა ბანაკს აქეთა მხარეს დგომისათვის.
ადამიანი განსაჯო იმის მიხედვით, თუ ვის აძლევს ხმას ( არა აქვს მნიშვნელობა, გამოჩენილი პიროვნებაა თუ კარის მეზობელი), ეს ჯერ კიდევ შეუმდგარი საზოგადოების სინდრომია.
ქვეყანა არ შედგება ქოცებისა და ნაცებისაგან, იქ ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც, როგორც წესი, ათ წელიწადში ერთხელ რადიკალურად იცვლიან პოზიციებს. ეს ჩამოყალიბების სტადიაზე მყოფი დემოკრატიისა და წარსული დემოკრატიული ტრადიციების არქონის მიზეზითაცაა განპირობებული. ყველაფერი დალაგდება თავის დროზე.
ქალბატონ ნონას კი ვულოცავ იუბილეს.
მე რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყო, აუცილებლად გავაკეთებდი ამას“ – წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, ქართული ჭადრაკის ლეგენდა, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი გუშინ 80 წლის გახდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close