ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით – კობახიძე
გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.
“ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
“უნდა აღინიშნოს, რომ, პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.
დასასრულ, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები – „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ მოიგო“ და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით – „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ გააყალბა“. სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მინდა, რადიკალებს და მათ მფარველებს შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.