Sliderსაზოგადოება

როსტომ ჩხეიძე – იდეალისტთა გზასავალი რომან-მანიფესტად

გეგე დადიანის არაორდინალური დებიუტი

ჟანრი ნიშანდობლივად ვერ განესაზღვრა გეგე დადიანს „საშიში იდეალისტებისა“ და მკითხველისადმი მიმართვისას მაინც ამგვარად ამჯობინებდა სახელდებას ამ თხზულების თავისებურებისა:

ეს ჩემთვის მოქალაქის მანიფესტია, იმ მოქალაქისა, რომელსაც სურს და იბრძვის წარმატებული სახელმწიფოსათვისო.

თემატიკასა და პრობლემატიკას კი ასე გააცხადებდა:

„პირველად იყო სიტყვა“ უბრალოდ სიტყვები არ არის, სიტყვა იდეაცაა, სახელმწიფოს კი იდეალისტები ჰქმნიან და აშენებენ, ამიტომაც წიგნი იდეალისტებზეაო.

და… საშიშნი რატომღა უნდა ყოფილიყვნენ იდეალისტები?

ამ შეკითხვის პასუხი თვითონ წიგნშია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აღედგინა ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, იდეალისტების სახელით რომ წარმოდგებოდნენ და საშიშნი გახდებოდნენ ძალმომრე ხელისუფლებისათვის, რომლისთვისაც ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი, იდეალისტებისათვის კი სწორედაც მიზანია, რაკიღა უკეთესი საქართველოს შუაგულში წარმოუდგენიათ ადამიანი და მასზე სახელმწიფოებრივი ზრუნვა, თვითეული ადამიანის ბედი რომ უნდა იყოს საფიქრალი ხელისუფალთათვის.

როგორი უნდა იყოს ეს ადამიანი და:

სულიერად და ზნეობრივად ფერნაცვალი, რომლის გზასავალსა და ყოველგვარ მოქმედებას იმთავითე უნდა განსაზღვრავდეს ეს შეგნება:

არ მეშინია!..

ეს უნდა იქცეს საფუძვლად ძალმომრე პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი დამსხვრევისაც და შენარჩუნებისაც იმ უკეთესი სახელმწიფოსი, რომლისკენ სწრაფვისას პერსონაჟები სიცოცხლესაც კი გაწირავენ – იმ სიმშვიდითა და ამაყი მზერით, მოწამებრივ აღსასრულს როგორც სჩვევია.

ნიშანდობლივია, რომ:

ხელისუფლება მოინდომებს ამ ახალი პოლიტიკური მოძრაობის სულისკვეთების დაპირისპირებას ქრისტიანულ მოძღვრებასთან, თითქოსდა იდეალისტები უპირისპირდებიან ჯვარცმულის სარწმუნოებას, და უმაღლეს იერარქთან იდეალისტთა წინამძღოლის კამათი ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთია ამ ჟანრობრივად თითქოსდა მართლაც განუსაზღვრელ თხზულებაში, რომელიც საბოლოოდ მარჯვედ უნდა შეიკრას სიუჟეტურად და პერსონაჟთა გალერეისა და თანადროული ცხოვრების პანორამის ღრმააზროვანი და მხატვრულ-ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი წარმოსახვის წყალობით თვალნათლივ გამოიკვეთოს რომანად, მისი თავისებურება კი შეფასდეს როგორც:

პოლიტიკური.

„საშიში იდეალისტები“ სწორედაც პოლიტიკური რომანია, სისხლხორცეული ნაწილი ჩვენი რომანისტიკის იმ ნაკადისა, რომელიც კვლავაც წარმატებით გრძელდება და ავტორთა კოჰორტას უნდა შემატებოდა გეგე დადიანიც, თავისი მძაფრსიუჟეტიანი ქმნილებით, დაურიდებლად რომ წარმოაჩენდა ჩვენი ყოფის ყოველგვარ მანკიერებას, ადამიანის დაცემისა და გადაგვარების ერთიერთმანეთზე შემზარავი სურათებს, დაშლილ, დაბნეულ, აქეთ-იქით მიმომწყდარ საზოგადოებას, რომელმაც თავის წიაღში უნდა დაბადოს ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიახლე, ჯოჯოხეთსგამოვლილი, ადამიანის ფსიქიკის კუთხე-კუნჭულთა შემცნობი და გაბედული, რომელმაც თავისი მოღვაწეობა ურთიერთნდობაზე უნდა დააფუძნოს და შეცადოს არა ქრისტიანული მოძღვრებისაგან გადახვევას, არამედ სწორედაც რომ აღდგენას იმ პირვანდელი სიწრფელისა და სიალალის, პატიოსნებისა და სიწმინდის, რასაც მაცხოვარი ქადაგებდა და კიდეც ამ რწმენით მოედებოდა ეს მოძღვრება ქვეყნიდან ქვეყანასა და თაობიდან თაობას.

თანდათან მოხდებოდა მის მდინარებაში უმართებულო ცვლილებანი?

თანდათან დაირღვეოდა ქრისტიანული მორალის სიმართლე და სიწმინდე და ფარისევლობა შეეცდებოდა თავის თარგზე მოერგო მაცხოვრის რჯული?

სულ უფრო და უფრო აცდებოდა ჯვრის სუფევა და მადლი იმ პირველსახეს, რის დასამკვიდრებლადაც მოევლინებოდა ძე ღვთისა მის გამწირველ ადამიანებს?

მაგრამ ხომ არსებობდა ახალი აღთქმა, რომელსაც შეგეძლო შენ თვითონვე გაცნობოდი და უშუალოდ ზიარებოდი მაცხოვრის სიტყვასა და იგავებს, მის შეგონებებსა და ცხოვრების წესს, და ჯვარცმის მისტერიაში დაგენახა აღდგომის გარდუვალობა.

და თუ დაგბრალდებოდა ქრისტიანული სექტის შექმნა და ამ სწავლების წინააღმდეგ მოქმედება, შეგეძლებოდა გეგესავით გაგებათილებინა ეს ყალბი იარლიყი იმ რეალობის წარმოჩენით, რომ:

შიშის დაძლევა ნიშნავს თვალის გასწორებას ადამიანურ ტრავმებთან, რათა მთელი ცხოვრება არ გჯაბნიდეს ეს ტრავმები; ნიშნავს შენივე თავის ძიებას, სწავლას ფიქრისა და მიტევებისა; ნიშნავს ერთმანეთისგან გარჩევას სიყვარულისა და მიჯაჭვულობის; დამარცხებას ეჭვიანობის; ნიშნავს მიზნის სწორად გააზრებასა და ამ მიზნისაკენ სავალი გზის პოვნას; ნიშნავს რწმენას, რომ არ არსებობს დამარცხება და ყოველი წარუმატებლობა მორიგი გაკვეთილია წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე; ნიშნავს, ისწავლო, რომ შეგიძლია და გაქვს კიდეც იმის უფლება, იყო ბედნიერი.

ბედნიერი კი შეიძლება იყო მხოლოდდამხოლოდ სრულფასოვან, ძლიერ, საკაცობრიო ცხოვრების უშუალო მონაწილე სახელმწიფოში.

ეს სახელმწიფო ხელისგაწვდენაზეა, მაგრამ გარდამტეხი ჟამიც დაგვდგომია და ამ გარდატეხისას რომანის მთავარი გმირებისათვის დამაიმედებელია ის ახალგაზრდობა, რომლისგანაც უკვე იქით სწავლობენ ცხოვრებას, და ამიტომაც ახალგაზრდა თაობა მამებისათვის მხოლოდ თანამებრძოლი კი არ არის, არამედ გზისგამკვალავია გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე.

რა სურთ, რას დაეძებენ, რას მიელტვიან საშიშად შერაცხული იდეალისტები?

რას და:

სეკულარულ სახელმწიფოსა და მის სივრცეში უზრუნველყოფილ და დაცულ მოქალაქეს, აღჭურვილს პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით.

ეს სახელმწიფო არ შეიძლება იყოს ჩაკეტილი ინსტიტუციების მართვის პოლიგონი, არამედ ნდობის სახლი, სადაც ადამიანებს ექნებათ არჩევანის საშუალება და მათი ნება, თუნდაც პოლიტიკური, არ განისაზღვრება იმ მდგომარეობით, რომელშიც მათ ხელისუფლებები ჩააყენებთ.

გამარჯვება როგორ წარმოუდგენიათ ამ მოძრაობის მეთაურებსა და მონაწილეებს და:

არავინ რომ არ დარჩეს დამარცხებული.

ამ ახალი რეალობის მოსატანად და დასამკვიდრებლად კი ის უმთავრესი გზა არსებობს, რომ:

თვითეული მოქალაქის გულში იბადებოდეს იესო ქრისტე და ის არ იყოს ფარისეველთა სიმბოლური კუთვნილება, როგორც ხალხისა და სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტი.

ასე და მხოლოდ ასე გარდაისახება ადამიანი უმთავრეს ფასეულობად.

ხოლო ამ დასკვნამდე მთავარი გმირები უნდა მისულიყვნენ შინაგანი ჭიდილისა და წინააღმდეგობათა გადალახვის ფასად, ეს ჭიდილი მძაფრ კამათშიც რომ იჩენდა თავს და კიდეც უნდა განეპირობებინა კამათს რომანის შინაგანი აღნაგობა.

დიალოგურობა, დისკუსიურობა.

ის, რაც არაერთ ეპიკურ ქმნილებაში შინაგანად ცნაურდება, ამჯერად ფორმაც მის კვალობაზე უნდა შენივთებულიყო ისე, რომ ავტორს დანის პირზე ევლო, რათა კამათი მხატვრულ სამოსელში მოქცეულიყო და არ გადაზრდილიყო პუბლიცისტიკაში, რასაც თავისი მნიშვნელობა ექნებოდა, განა არა, მაგრამ რომანის ერთიანობა დაირღვეოდა, მხატვრულ თხრობას ჟურნალიზმი უსიამოვნოდ რომ დააჩნდებოდა.

ეს საშიშროება ყოველთვისაც მოსალოდნელია პოლიტიკური რომანის შექმნისას, მაგრამ მწერლის ოსტატობაც ისაა, ზღვრზე იაროს და ოდნავადაც არ გადაცდეს ნაბიჯი მხატვრული ქსოვილის იქით, და დიალოგურობა და დისკუსიურობა მარჯვედ ამოეხვეს სიუჟეტის მდინარებაში.

„საშიშ იდეალისტებში“ როგორც ხდება.

რომანში გადმოსულია ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მღელვარება, და „საშიში იდეალისტები“ თავის მხრივ მონაწილე და გზამკვლევიც ხდება ამ დაძაბული, დამუხტული პროცესისა, ჩვენს ყოფით გარემოში რომ ტრიალებს, და იმ ზნეობრივ შეგნებასაც რომ აღადგენს, 1832 წლის შეთქმულების წინამძღოლები რომ გამოიჩენდნენ და იმ დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში, რომელსაც ნატვრით შეჰყურებდნენ, თავიანთ თავს სულაც ვერ ხედავდნენ სახელმწიფოს სათავეში.

აგერ ორდემაც სახალხო გამარჯვებისა და ძალმომრე ხელისუფლების ჩამოცილების შემდგომ უარი უნდა განაცხადოს ყველა სახელმწიფო თანამდებობაზე და ამჯერად უკვე შეეჭიდოს ყველაზე დიდ საქმეს:

თავისუფლების სასახლეში შეჰქმნას თავისუფლების სადარაჯო.

და ამ ღია ფინალს უნდა დაეგვირგვინებინა ყველა ის სიუჟეტური ხაზი, დახვეწილი ტექნიკით რომ ენაცვლებოდა ერთიმეორეს და ამასობაში თვალნათლივს ხდიდა საზოგადოებრივი ყოფის ზედაპირსაც და ლაბირინთებსაც, იმ დაფარულ ნაკადებს, რაც ბოლოს ასე შთამბეჭდავად უნდა ამოჩენილიყო.

შთამბეჭდავად არა იმდენად გარეგნული ტრიუმფისა და ზეიმის, არამედ იმ ექსპრესიის წყალობით, „საშიშ იდეალისტებს“ მანიფესტადაც რომ განგაცდევინებს და პოლიტიკური თხზულების ამ ნაირსახეობად წარმოგადგენინებს:

რომან-მანიფესტად იმ მოქალაქისა, რომელიც ამ წიგნითაც იბრძვის წარმატებული და სრულფასოვანი სახელმწიფოსათვის.

 

როსტომ ჩხეიძე, მწერალი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close